რუმინული გამოცემა - „საბურთალოსთან“ წაგების შემდეგ „სტიაუას“ პრეზიდენტმა მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტა #1TVSPORT
რუმინული გამოცემა - „საბურთალოსთან“ წაგების შემდეგ „სტიაუას“ პრეზიდენტმა მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტა #1TVSPORT

რუმინული გამოცემა „დიჯი სპორტის“ ცნობით, „სტიაუას“ პრეზიდენტი ჯიჯი ბეკალი სეზონის დაწყებით და განსაკუთრებით, კონფერენს ლიგაზე „საბურთალოსთან“ წაგებით იმედგაცრუებულია და ანტონ პეტრეას ნაცვლად, ახალი მწვრთნელის, ნიკოლაე დიკეს მოსაყვანად ნიადაგს ამზადებს.

„სტიაუას“ პრეზიდენტს, ჯიჯი ბეკალის ყველაზე მეტად ის აწუხებს, რომ რუმინეთის ვიცეჩემპიონი თბილისში „საბურთალოსთან“ წაგების (0:1) შემდეგ, შესაძლოა, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ნაადრევად გამოვარდეს. ამიტომ განიხილავს რამდენიმე გადაწყვეტილებას, რომელთაგან ერთ-ერთი მწვრთნელის შესაძლო შეცვლას უკავშირდება. ანტონ პეტრეას (47 წლის) ადგილი შეიძლება დაიკავოს ნიკოლაე დიკემ (42 წლის).

– მომავალ ხუთშაბათს კონფერენს ლიგიდან გამოვარდნა გუნდის ფინანსურ კატასტროფას გამოიწვევს, რადგან ეს ევროპული შეჯიბრი ახლა შეიძლება გახდეს კლუბის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო. ბეკალიმ საჯაროდ განაცხადა, რომ არ ეშინია გავარდნის, მაგრამ მასთან დაახლობული ადამიანები ამბობენ, რომ რეალურად ასეთი სცენარით უკიდურესად შეშფოთებულია.

– ამას მოწმობს ბეკალის მიერ „რაპიდთან“ დერბიმდე მიღებული გადაწყვეტილება. ბეკალის „საბურთალოსთან“ მატჩამდე ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშის დასვენება სურს. თუმცა, „რაპიდთან“ მარცხმა ან თუნდაც ფრემ შეიძლება „სტიაუაში“ საქმე დააჩქაროს. ბეკალი უკვე ფიქრობს ახალი მწვრთნელის, ნიკოლაე დიკეს (42) დანიშვნაზე.

– მას დიკეს დაბრუნების სამი მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის რაღაც უშლიდა ხელს. ის „სტიაუას“ 2017 წლის ივლისიდან 2018 წლის დეკემბრამდე წვრთნიდა. დიკემ გუნდი ჯიჯი ბეკალის მიერ მის საქმეებში ჩარევის გამო დატოვა. მწვრთნელმა აღიარა, რომ უფროსის სიტყვები აწუხებდა და პატივისცემას არ გრძნობდა, რის გამოც მალევე წავიდა“, – წერს რუმინული გამოცემა.