რუმინეთს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ესტერ ალექსანდა კრეტუ წარადგენს
რუმინეთს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ესტერ ალექსანდა კრეტუ, სასცენო სახელით – ესტერ პეონი წარადგენს.
ქვეყანამ საკუთარი წარმომადგენელი ნაციონალური კონკურსით შეარჩია. რუმინეთის წარმომადგენელი საერთაშორისო ჟიურისა და ტელემაყურებლის ქულების დაჯამებით გამოვლინდა.
ესტერ პეონი ჟიურის ქულებით პირველ, ხოლო მაყურებლის მიერ გადანაწილებული ქულებით, მერვე ადგილზე გავიდა.
საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2013 წლის გამარჯვებული ემილი დე ფორესტი, ებრაელი პროდიუსერი ტალი ეშკოლი, „ვივიბლოგის“ ჟურნალისტები – დებან ადერემი და უილიამ ლი ადამსი, ასევე, რუმინელი პროდიუსერები.
შიდაშესარჩევი კონკურსის განმავლობაში „ინტერვალ აქტისთვის“ სცენა ემილი დე ფორესტმა და ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2018 წლის გამარჯვებულმა, ნეტტა ბარძილაიმ დაიკავეს.
რუმინეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსს 1994 წელს შეუერთდა. ქვეყნის საუკეთესო შედეგი ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე მესამე ადგილია, რომელსაც რუმინეთმა 2005 და 2010 წლებში მიაღწია.
2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, ესტერ პეონი მეორე ნახევარფინალის პირველ ნაწილში, 16 მაისს იმღერებს.