რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენი პრიორიტეტია სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყნაში მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენი პრიორიტეტია სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყნაში მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა

ჩვენი პრიორიტეტია სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყნაში მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა, – ამის შესახებ განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ, რომელმაც ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად თბილისში გამართა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ჰქონდათ ძალიან წარმატებული დიპლომატიური ტური სამხრეთ კავკასიაში.

„დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გულთბილი მასპინძლობისთვის. ამ რეგიონს ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პირველი ერთობლივი ვიზიტია, რომელიც უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატის ფარგლებში ტარდება. ამ ტურით ჩვენ გამოვხატეთ ევროპული სოლიდარობა და ჩართულობა, ასევე გამოვხატეთ ევროკავშირის ერთგულება, რომ ჩვენი პრიორიტეტია სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყნაში მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. რამდენიმე სიტყვას ვიტყვი რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. გასულ თვეში ძალიან სასარგებლო დისკუსია გვქონდა ლისაბონში, სადაც გადავწყვიტეთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა გაგვეძლიერებინა და ეს ტურიც ამ დისკუსიის პირველი შედეგია.

ჩვენ წავახალისეთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, რომ გამოიყენონ აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმების ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა. სამივე ქვეყანაში მხარდაჭერა გამოვხატეთ. რეგიონული ფორმატის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით. სამივე ქვეყანაში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, მაღალი დონის შეხვედრები. ასევე, მოვინახულეთ ადმინისტრაციული საზღვარი. ამ კონტექსტში მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მივულოცე საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში არსებული პროგრესი. ამ მიმართულებით ჩვენ დახმარებისთვის მზად ვართ. მე ასევე აღვნიშნე, რომ ინკლუზიური პოლიტიკური გარემო, შემდგომი მოდერნიზაცია და დემოკრატიზაცია მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის. მე მივესალმე ოპოზიციური ძალების გადაწყვეტილებას, რომ მიეღოთ საკუთარი მანდატები ახალ პარლამენტში, როგორც ქვეყნის შიგნით სიტუაციის ნორმალიზაციისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს ყველა პოლიტიკურმა ძალამ.

მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. დასასრულს ვიტყვი, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული დიპლომატიური ტური სამხრეთ კავკასიაში. 12 ივლისს დაგეგმილ შეხვედრაზე ევროპელ კოლეგებს და უმაღლეს კომისარს გავაცნობთ ამ ვიზიტის დეტალებს“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გუშინ, გვიან ღამით ესტუმრნენ. სამი ქვეყნის პირველი დიპლომატები დღეს უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. ამასთან, ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ.

დატოვე კომენტარი