რუმინეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები E ჯგუფშიც დასრულდა. ფრანკფურტში გამართულ სლოვაკეთისა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა – 1:1. შედეგად, მერვედფინალის საგზური ორივე გუნდმა მოიპოვა.
ფაქტები:
- ონდრეი დუდა პირველი სლოვაკი ფეხბურთელია, რომელმაც 2 დიდ საერთაშორისო ტურნირზე გაიტანა (ევრო 2016, ევრო 2024).
- რუმინეთმა ევრო 2024-ზე 4 გოლი გაიტანა. ამაზე უკეთესი შედეგი ამ ნაკრებს დიდ ტურნირზე 1994 წელს ჰქონდა. აშშ-ში გამართულ მუნდიალზე რუმინელებმა 5 გოლი გაიტანეს.
- რუმინეთმა პენალტიდან გოლის გატანა 2016 წლიდან ზედიზედ მესამე ევროპის ჩემპიონატზე მოახერხა.
24′ წუთი. ონდრეი დუდამ იურაი კუცკას ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში ყველას დაასწრო და თავური დარტყმით სლოვაკეთის ნაკრები დააწინაურა.
37′ წუთი. სლოვაკმა ფეხბურთელმა, დავიდ ჰანცკომ საკუთარ საჯარიმოში მეტოქე გუნდის ფეხბურთელი წააქცია. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, დანიელ ზიბერტმა პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად რუმინელმა რაზვან მარინმა შეასრულა.
საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფი ყველა ნაკრებმა 4 ქულით დაასრულა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელთა ბედი დამატებითმა მაჩვენებლებმა გადაწყვიტა. პირველი ადგილი რუმინეთმა დაიკავა, მეორეზე ბელგია გავიდა, ხოლო მესამეზე – სლოვაკეთი. უკრაინის ნაკრებისთვის ევრო 2024 დასრულდა.