რუმინელი მსაჯი, რომელმაც ჰალანდისგან ავტოგრაფი აიღო, საფეხბურთო სუვენირებით ეხმარება აუტიზმით დაავადებულებს #1TVSPORT
რუმინელი გვერდითი არბიტრი ოქტავიან შოვრე ბევრმა გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც „დორტმუნდის“ ფორვარდისგან ერლინგ ჰალანდისგან ავტოგრაფი აიღო. ეს მოხდა „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ. თამაში 6 აპრილს მანჩესტერში ჩატარდა და მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. ბევრი გულშემატკივრისა და ექსპერტის აზრით, მსაჯები მიუკერძოებლები უნდა იყვნენ და არ უნდა იღებდნენ ავტოგრაფებს ფეხბურთელებისგან.
რუმინულმა გამოცემა Gazeta Sporturilor-მა ამ თემაზე დიდი მასალა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ შოვრე უკვე ხუთი წელია აგროვებს სუვენირებს ფეხბურთელებისგან და ამით რუმინეთში ეხმარება აუტიზმის მძიმე ფორმით დაავადებული ბავშვებისა და მოზრდილების სამკურნალო ცენტრს. ამ ცენტრის დაფინანსება მხოლოდ და მხოლოდ ძვირფასი ნივთების აუქციონზე გაყიდვიდან შემოსული თანხით ხორციელდება.
იტყობინებიან, რომ ჰალანდის ორ ავტოგრაფსაც აუქციონზე გაიტანენ. როცა მსაჯის მისამართით კრიტიკის შესახებ შეიტყვეს, ოქტავიან შოვრეს სამშობლოში მხარი დაუჭირეს და იმ ორგანიზაციის საპატიო წევრად აქციეს, რომელიც აუტიზმის მძიმე ფორმით დაავადებული ბავშვებისა და მოზრდილების სამკურნალო ცენტრს კურირებს.