მიუნხენის „ბაიერნის“ თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ წელს კლუბი „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდ ლეროი სანეს შეძენას შეეცდება. გერმანიის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 47 მატჩში 16 გოლი გაიტანა და „სიტისთან“ ერთად სამი საშინაო ტიტული მოიგო.
გერმანულ გრანდს წელს სერიოზული შენაძენების გაკეთება მოუწევს, რათა ორი წამყვანი ფეხბურთელის, არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის წასვლით გამოწვეული სიცარიელე შეავსოს.
„შევეცდებით. ვერაფერს დაგპირდებით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ“, – აცხადებს რუმენიგე სანეს შეძენის პერსპექტივაზე.
„მანჩესტერ სიტიმ“ ლეროი სანე 2016 წელს „შალკედან“ 42 მილიონ ევროდ შეიძინა და, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა 2017-18 წლების სეზონში ინგლისისი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო მიიღო, სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად მაინც ვერ ხვდებოდა.
კონტრაქტის მიხედვით, მაჩესტერში სანემ კიდევ ორი წელი უნდა ითამაშოს.
„ჩვენ მის შეძენას ჯერ კიდევ მაშინ ვფიქრობდით, როდესაც ის „შალკეში“ იყო, მაგრამ მისთვის შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არ გვქონდა, რადგან რიბერი და რობენი საუკეთესო ფორმაში იყვნენ“, – განაგრძობს რუმენიგე.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ წელს გერმანიის ჩემპიონი გახდა და შაბათს, 25 მაისს, შეეცდება ქვეყნის თასიც მოიგოს. ფინალში ბავარიელები „ლაიპციგს“ ხვდებიან.