Rugbyrama - გურამ გოგიჩაშვილი შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო ბურჯი გახდეს
Rugbyrama - გურამ გოგიჩაშვილი შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო ბურჯი გახდეს

პოპულარულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Rugbyrama-მ ახალგაზრდა ქართველ ბურჯს, გურამ გოგიჩაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა. 1tv.ge მის თარგმანს გთავაზობთ –

გურამ გოგიჩაშვილი Top 14-ში საქართველოდან გადმოვიდა. „რასინგ 92“-ის პერსონალი და მენეჯმენტი ამ ნიჭიერ ახალგაზრდაზე დიდი იმედებს ამყარებენ და მიიჩნევენ, რომ მას მსოფლიოში საუკეთესოობის პოტენციალი აქვს.

ვინ იყო გოგიჩაშვილი ამ სეზონის დაწყებამდე? საქართველოს ჩემპიონატის მაყურებლის და ზოგიერთი საერთაშორისო ჟურნალისტის გარდა მისი არსებობა არავინ იცოდა. მან თავი ოც წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა და წელს „რასინგ მეტროს“ შემადგენლობაში უკვე ფეხი მოიკიდა (ცხრა მატჩი, ექვსი ძირითად შემადგენლობაში. ეს, იმის გათვალისწინებით, რომ გოგიჩაშვილი მხოლოდ 20 წლისაა, ძალიან კარგი შედეგია.

გოგიჩაშვილის და „რასინგის“ ურთიერთობა „ერთი შეხედვით სიყვარულს“ ჰგავს – „ეს მორაგბე ჩვენ ოც წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე აღმოვაჩინეთ. მასთან ხელი მოვაწერეთ და საბედნიეროდ ახლა უკვე თავს სახლში გრძნობს. მან მარტივად შეძლო გუნდში ინტეგრირება,“ – აცხადებს ლორენ ტრავე, ფრანგული კლუბის შერკინების მწვრთნელი.

ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რადგან გოგიჩაშვილი ჯერჯერობით მხოლოდ ქართულად საუბრობს. იგი თანაგუნდელებთან ვასილ კაკოვინის დახმარებით ურთიერთობს, მაგრამ ფაქტია, რომ ენობრივი ბარიერი დიდად ხელს არ უშლის.

„ის ძალიან ძლიერი მორაგბეა და ძალიან უყვარს ბურთი. მას აქვს თამაშის ძალიან კარგი გრძნობა და მოედანზე ძალიან სერიოზულ სამუშაოს ასრულებს, განსაკუთრებით დაცვაში თამაშისას,“ – ამბობს გუნდის კაპიტანი, დიმიტრი სზარზევსკი.

მიუხედავად ასაკისა და „ბორჯღალოსნების“ რიგებში არსებული უდიდესი კონკურენციისა მან ნოემბერში პირველი კეპი უკვე მოიხვეჭა. ეს სამოასთან დაპირისპირებისას მოხდა (27-19).

რასინგის“ ერთ-ერთი ლიდერი, იანიკ ნიანგა თვლის, რომ ქართველ ბურჯს უდიდესი პოტენციალი აქვს.

„მე ვიცი, რომ გურამ გოგიჩაშვილს ფენომენალური პოტენციალი აქვს. ჩვენ ვხედავთ, თუ რისი გაკეთება შეძლო მან 20 წლის ასაკში. ის არ არის პირველი რანგის სარაგბო ერის წარმომადგენელი, თუმცა ყველაფერს კარგად აკეთებს და თუკი გადაწყვეტს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ბურჯი გახდეს, ის ამას აუცილებლად მოახერხებს,“ – აცხადებს ფრანგი მესამეხაზელი.