რუდი გობერი ბოდიშს იხდის (ვიდეო)

კორონავირუსის პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წევრებს შორის გუშინ დაფიქსირდა. „იუტას“ ფრანგ კალათბურთელ რუდი გობერს „ოკლაჰომასთან“ გასამართ მატჩამდე covid-19 ინფექცია დაუდგინეს, რის გამოც ლიგის ხელმძღვანელობამ რეგულარული სეზონი გაურკვეველი ვადით გადადო. კარანტინში იმყოფება ინფიცირებულთან ბოლო 10 დღის მანძილზე კონტაქტში შესული ყველა პირი. გუშინ საღამოს კორონავირუსი გობერის გუნდელს, დონოვან მიჩელსაც დაუდგინეს.

რუდი გობერმა საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. ფრანგი ცენტრი ბოდიშს იხდის იმისათვის, რომ დაუდევრად მოიქცა და სიფრთხილე არ გამოიჩინა. ფრანგმა პრესკონფერენციაზე ფიზიკური კონტაქტი მოახდინა ჟურნალისტების ტექნიკასთან (მიკროფონები, ჩამწერები). როგორც „იაჰუ სპორტის“ ჟურნალისტი კრის ჰაინსი იუწყება, გობერი ამისთვის არ დაისჯება. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტი ადრიან ვოინაროვსკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გობერის თანაგუნდელები განაწყენებულები არიან მასზე.