რუდი გარსია - კვარაცხელია შეტევაში კარგი იყო, მაგრამ რიტმი აკლია და პოტენციალის გამოსავლენად დრო სჭირდება #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა, რუდი გარსიამ შეხვედრა Sky-სთან შეაფასა. მან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველი ჯერ სათამაშო რიტმში ბოლომდე ვერ ზის.
„კარგი თამაში ჩავატარეთ, ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო. ნორმალური პირველი ტაიმი გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. მეორეც კარგად დავიწყეთ, თუმცა თავი გუნდურად უკეთ უნდა დავიცვათ.
უამრავი შესაძლებლობა გვქონდა, ანგარიში 2:0 რომ გაგვეხადა. ამის ნაცვლად, თავად გავუშვით. იმედი მაქვს, მომავალში ამდენ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებთ.
ჩემპიონთა ლიგაზე გასვლითი გამარჯვება ადვილი არ არის, ჩვენ ერთადერთი იტალიური გუნდი ვართ, ვინც მოიგო. ცხადია, ყველაფერი იდეალურად არ წავიდა, თუმცა თამაშის გაუმჯობესება შეგვიძლია. არ დაგვავიწყდეს, ცენტრალური მცველი რაჰმანიც დავკარგეთ, რამაც დაცვაში პრობლემები შეგვიქმნა.
ოსიმენი და კვარაცხელია? ვიქტორმა „ბრაგასთან“ 90 წუთი მაღალი ინტენსივობით ითამაშა. ხვიჩა კარგი იყო. მაგალითად, შეტევაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და დი ლორენცოს გოლში წვლილიც შეიტანა.
თუმცა, ყურადღება უნდა მივაქციოთ დაცვასაც. ამას ოსიმენი აკეთებდა, ის წინაც თამაშობდა და უკანაც მუდმივად ჩარბოდა, ყველა მოთამაშისგან იმავეს ველოდები. კვარას რიტმი ნამდვილად აკლია. მას ჯერ კიდევ სჭირდება პრაქტიკა, ჩვეული რიტმი რომ დაიბრუნოს და თავისი უდიდესი პოტენციალი გამოავლინოს“, – ამბობს რუდი გარსია.