„რუბინში“ სიმართლე მაინც დაადასტურეს - კვარაცხელიათი ოთხი დიდი კლუბია დაინტერესებული #1TVSPORT
ყაზანის „რუბინის“ ხელმძღვანელთა ბოლოდროინდელი გაუგებარი განცხადებების შემდეგ, გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ პირველად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი დიდი კლუბები დაინტერესდნენ, მაგრამ იქვე მიანიშნა, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელზე მათ ვერ უთანხმდებიან.
„მასთან დაკავშირებით მთელი ეს ისტორია სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ვითარდებოდა. ხვიჩა დიდი მოთამაშეა, ასეთების ტრანსფერები კი იმ მომენტში ხორციელდება, როდესაც ყველა ვარსკვლავი სასურველ განლაგებას აღწევს. ოთხი დიდი კლუბი არის დაინტერესებული, ყველა დანარჩენთან ჯერ მხოლოდ კონსულტაციებია“, – თქვა იაროვინსკიმ „მატჩ ტვ“-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში.
მან მიანიშნა, რომ ჯერ სატრანსფერო ფანჯარა არ დახურულა და კვარაცხელიას ტარნსფერის ჩაშლაზე ლაპარაკი ნაადრევია:
„რატომ არ გაყიდეთ ხვიჩა? ეს კითხვა იმას ჰგავს, რატომ არ არის თოვლი ივლისში. წინადადებამ უნდა დაგვაკმაყოფილოს. დარჩება თუ არა? აჯობებს, ხმამაღალი განცხადებები არ გავაკეთოთ“.
რუბინის პრესსამსახურის ცნობით, გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივრების გამოკითხვა დასრულდა – ყაზანელი ფანების ვერსიით, 2020/21 წლების სეზონში გუნდის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს.
გასულ სეზონში ხვიჩამ 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და რვა პასი გააკეთა, ექვს მატჩში საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ხოლო ზედიზედ მეორედ რუსეთის პრემიერლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდად დაასახელეს.