„რუბინში“ კვარაცხელიასადმი „მილანის“ დაინტერესებაზე კომენტარი არ ისურვეს - ამის გამო ორი თვე ვერ თამაშობდა #1TVSPORT
ყაზანის „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანური კლუბის თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას „მილანში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ კომენტარი არ ისურვა.
შეგახსენებთ, იტალიურმა გამოცემა „კალჩომერკატომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას მიმართ „მილანი“ ინტერესს ინარჩუნებს. იაროვინსკიმ ხვიჩას შესახებ სატრანსფერო ინფორმაციას ჭორი უწოდა და აღნიშნა, რომ „რუბინში“ ამის კომენტარი არ სურდათ. მისი თქმით, მსგავსი ინფორმაცია ფეხბურთელზე უარყოფითად მოქმედებს.
„იცით, ამ ფეხბურთელზე კომენტარს არ გავაკეთებთ იმ მომენტამდე, სანამ კონკრეტული რამ არ მოხდება. მსგავსი ინფორმაციებით ყველამ მას თავბრუ დაასხით და შედეგად, ბიჭმა ორი თვე ფეხბურთი ვერ ითამაშა“, – თქვა იაროვინსკიმ.