„რუბინში“ კვარაცხელიას განაცხადიდან ამოღების მიზეზი განმარტეს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინის“ განაცხადში აღარ არის – ეს ფაქტი იმდენად რეზონანსული ამბავი აღმოჩნდა, რომ კლუბი იძულებული გახდა, ოფიციალური კომენტარი გაეკეთებინა.
შეგახსენებთ, „რუბინის“ განცხადებაში ეწერა, რომ 20 წლის ქართველი თავდამსხმელთან დაკავშირებით ეს ნაბიჯი კვარაცხელიას ტრავმის გამო გადადგეს.
„ხვიჩა ტრავმის შემდეგ მკურნალობს. განაცხადიდან იმიტომ ამოვიღეთ, რომ მის ნაცვლად მონტასარ ტალბი შეგვეყვანა. როგორც კი კვარაცხელია განიკურნება, განაცხადში ისევ შევიყვანთ“, – განაცხადეს „რბ სპორტს“-თან „რუბინის“ პრესსამსახურში.
15 აგვისტოს კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში სამარას „კრილია სოვეტოვთან“ (1:1) ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ეს განმარტა როტაციით, რომელიც დაკავშირებულია ფეხბურთელების ამჟამინდელ მდგომარეობასთან. ხვიჩა შეცვლაზე 56-ე წუთზე გამოვიდა.
ყაზანურ კლუბში ასევე აღნიშნეს, რომ რომ მიმდინარე სეზონში „რუბინმა“ ეს მეორედ გააკეთა. „რუბინმა“ ფეხბურთელი ტრავმის გამო განაცხადიდან მესამე ტურშიც გამოიწვია. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მსგავსი ვითარება სერბ თავდამსხმელ ჯორჯ დესპოტოვიჩთან დაკავშირებითაც შეიქმნა და ტალბის განაცხადში შეყვანა ჯერ კიდევ ამ დროს იგეგმებოდა.
რამდენად სარწმუნოა ეს ცნობა, დრო გვაჩვენებს. მიმდინარე წლის მაისში, ხვიჩას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ მისი ვაჟი ამ ზაფხულს „რუბინს“ 100%-იანი ალბათობით დატოვებს. იყო ინფორმაცია, რომ ფეხბურთელით არაერთი ევროპული კლუბია დაინტერესებული, მათ შორის „იუვენტუსი“, „ატალანტა“ და „მილანი“, ბოლო ცნობებით კი, „ტოტენჰემი“ გააქტიურდა.