„რუბინმა“ კვარაცხელიასადმი „მილანის“ ინტერესი დაადასტურა, მაგრამ ფინანსურ შემოთავაზებას გუნდი უარყოფს #1TVSPORT
ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ გრანდს, „მილანს“ გადასვლაზე შეუთანხმდა.
„ხვიჩას მიმართ დაინტერესება არის, მაგრამ კონკრეტული ფინანსური წინადადება ჯერ არ მიგვიღია. სულ ეს არის. მისი გაშვება ჩვენი ამოცანა არაა – ის გუნდის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. ამ დროისთვის შეთავაზებები არ არის. იქნება ხელშეკრულება – ვიფიქრებთ“, – ამბობს საიმანოვი.
საინტერესოა, რომ საიმანოვი 20 წლის ქართველისადმი ინტერესს ადრე საერთოდ უარყოფდა, ახლა ინტერესი მაინც დაადასტურა. არადა, ცნობილია მრავალი ევროპული კლუბი, რომლებიც კვარაცხელიასადმი დაინტერესებას ავლენდნენ – „იუვენტუსი“, „მილანი“, „ატალანტა“, „ბაიერნი“, „სევილია“, „აიაქსი“, „ლიდს იუნაიტედი“ და მიუნხენგლადბახის „ბორუსია“.
კვარაცხელია ყაზანის რუბინს რუსთავიდან 2019 წელს შეუერთდა. რუსეთის პრემიერ ლიგის ბოლო გათამაშებაში, 20 წლის ნახევარმცველმა მონაწილეობა მიიღო 23 მატჩში, გაიტანა ოთხი გოლი და გააკეთა ოთხი პასი.
ხვიჩაზე გავლენას ხომ არ ახდენს შესაძლო გამგზავრების შესახებ გავრცელებული ინფომაცია? „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა ამაზეც ილაპარაკა.
„მე კვარას ბაზაზე ვხედავ – მხიარული ბიჭია. ვინ თქვა, რომ ხვიჩა ცუდ ფორმაშია? ის მშვენიერად გამოიყურება. „სპარტაკთან“ თამაში ცოტა არ გამოუვიდა, რადგან მეურვე კარგად ეთამაშა. შესაძლოა, მნიშვნელოვანი თამაშის გამო გარკვეული ზეწოლის ქვეშაც იყო“.