„რუბინმა“ კონკურენტს მოუგო - კვარაცხელიამ საგოლე პასი გააკეთა (ვიდეო)
ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში უშალო კონკურენტი „ორენბურგი“ 1:0 დაამარცხა, რაშიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი როლი ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ „ორენბურგში“ კორონავირუსის გამო დიდი პრობლემები შეიქმნა. ამის მიუხედავად, გუნდმა საკმაოდ ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა გამოიყვანა. ყაზანელებს მატჩამდე 27 ქულა ჰქონდათ, მეტოქეს კი 23 და მოგების შემთხვევაში „რუბინთან“ სხვაობას მინიმუმამდე შეამცირებდა.
მაგრამ „რუბინმა“ „ორენბურგს“ ლიგაში ადგილის შენარჩუნების ერთ-ერთი ბოლო შანსი გადაუწურა. ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც 57-ე წუთამდე ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელია კი მოედანზე 84-ე წუთამდე იყო.
„რუბინმა“ 67-ე წუთზე გაიტანა, გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიას მიერ განვითარებულ შეტევას მოჰყვა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბურთი სამ მცველს თავზე გადაატარა და კარის წინ დენის მაკაროვი მოძებნა, რომელმაც შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა და „რუბინმა“ უმნიშნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა – 1:0.
26 ტურის შემდგე, „რუბინმა“ 30 ქულა დააგროვა, მე-11 ადგილზეა და აუტსაიდერთა ზონას დაშორდა.