„რუბინის“ ყოფილი მწვრთნელი - კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესოა
ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა მწვრთნელმა ვალერი ჩალიიმ გამოცემა „ბიზნეს-ონლაინთან“ ვრცელ ინტერვიუში რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
„კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშეა. მისი ყურება სასიამოვნოა. როდესაც ის არ თამაშობს, „რუბინი“ სრულიად განსხვავებულად გამოიყურება. მას მცველები მისდევენ, ხელებით იჭერენ და ის მაინც გარბის. აი ასეთი მოთამაშეების გაზრდაც გვჭირდება”, – განაცხადა რუსმა სპეციალისტმა.
კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. მხარეებმა გააფორმეს გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომელიც 2024 წლის შუა რიცხვებამდეა გათვლილი. ხვიჩამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, სამჯერ პენალტი მოიპოვა, ოთხჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ხოლო დეკემბერში ჩემპიონატის პირველი ნახევრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.