„რუბინის“ ყოფილი მწვრთნელი - ახლა კვარაცხელიას კარიერაში გადამწყვეტი მომენტია #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელით ევროპის არაერთი ტოპ-კლუბი იყო დაინტერესებული. მაგრამ რუსეთში დარჩა და მას შემდეგ ჩავარდნა აქვს.
ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რინატ ბილიალეტდინოვმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის უკეთ გამოყენებაზე მწვრთნელებმა უნდა იფიქრონ.
„კვარაცხელიას თავს ეს იმიტომ ხდება, რომ მოწინააღმდეგე მის წინააღმდეგ უფრო ყურადღებიანი გახდა. ჭკვიან მცველს შეუძლია გაანეიტრალოს, ბურთის მიღების დროს უფრო კარგად დაიწყეს დახვედრა. ხვიჩას შეუძლია შუაში გადაადგილება, მაგრამ არა მოედნის სიღრმეში. სამწვრთნელო შტაბს უნდა ვკითხოთ, ხვიჩასთვის თამაშის გაძლიერების რა გზები გააჩნიათ“, – ციტირებს ბილიალეტდინოვის სიტყვებს RB Sport.
მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელის კარიერაში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დადგა.
„ახლა ხვიჩასთვის ჭეშმარიტების მომენტი დადგა – მოუმატებს და სირთულეებს გადალახავს ან იმავე დონეზე დარჩება. არადა, ხვიჩა ისეთი ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე წარმატებული მოქმედებების შემდეგ ყველას შთააგონებს“.
ყაზანის „რუბინი“ რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურში „როსტოვთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა (1:5) და მე-8 ადგილზეა. კვარაცხელიამ თავი ამჯერად ვერ გამოიჩინა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ კვარაცხელია ვერ გაიტანდა მეტოქე თამაშს ვერ გადაარჩენდა.
„ძალიან რთულია შთაბეჭდილების ჩამოყალიბება. სრული განცდა მქონდა, რომ თამაშს ვაკონტროლებდით. პირველ ტაიმში ანგარიში გავხსენით და კიდევ გვქონდა შანსი. კვარაცხელიას გიჟური მომენტი რომ გამოეყენებინა, შესვენებამდე 2:0 დავწინაურდებოდით. მეორე ტაიმში ორმა სწრაფმა გოლმა, საკმაოდ უხეში ინდივიდუალური შეცდომების შემდეგ, თამაშში დაბრუნების შანსი არსებითად არ დაგვიტოვა. ჩემთვის ძალიან უცნაური მატჩი იყო. ჩემი გუნდები დიდი ანგარიშით დამარცხებულან, მაგრამ ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური შეხვედრა იყო. იმიტომ, რომ ჩემი აზრით, „როსტოვი“ მოედანზე ასე არ დომინირებდა“, – განაცხადა სლუცკიმ.