„რუბინის“ სპორტული დირექტორი - კვარაცხელიათი დაინტერესებული იყვნენ ბუნდესლიგისა და პრემიერ ლიგის ტოპ კლუბები #1TVSPORT
ყაზანის „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ Sport24-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განიცდიდა გუნდის თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია ვროპის ტოპ ლიგაში ჩაშლილ ტრანსფერზე და კლუბის გენერალური დირექტორის, რუსტამ საიმონოვისგან განსხვავებით, არ დამალა, რომ 20 წლის ქართველი თავდამსხმელით ევროპული ტოპ კლუბები დაინტერესდნენ.
– ხვიჩას ტრანსფერით რომელი გუნდები დაინტერესდნენ?
– ერთი ბუნდესლიგის ტოპ კლუბი იყო, ორიც -პრემიერ ლიგის ტოპ კლუბი. რომელიმე მათგანს ხვიჩაზე საბოლოო შეთავაზება რომ გაეკეთებინათ, ასი პროცენტით გავყიდდით, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს.
– და რა იყო ამის მიზეზი?
– ხვიჩა დიდი, სუპერნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც ევროპის ტოპ კლუბში აუცილებლად წავა. თუმცა ევროპის ტოპ კლუბმა რუსეთის პრემიერლიგის კლუბიდან ქართველი რომ იყიდოს, ეს სერიოზული ნაბიჯია, რომლის გადადგმაზეც კლუბში კარგად უნდა დაფიქრდნენ. ამას დრო და მოთმინება დასჭირდა. სამწუხაროდ, არცერთს არ გვაქვს მოთმინება და ხვიჩას „გაყიდვა“ ყველამ ჯერ კიდევ მაისში დაიწყო, მაშინ, როდესაც კონკრეტულ შეთანხმებასთან ახლოსაც არ ვიყავით.
– ამის შესახებ ხვიჩას ელაპარაკეთ ან შეეცადეთ მისთვის ყველაფერი აგეხსნათ?
– დიახ. ვუთხარი, თუ შემოთავაზება იქნება, გაგიშვებთ-მეთქი, მაგრამ საუბრით ამ საქმეს ვერ მოაგვარებ, თუ ჭორები ყოველდღე ჩნდება. ხვიჩა მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა სატრანსფერო „ფანჯარა“ დაიხურა.
– თქვენი სიტყვებია ხვიჩაზე – „მიეცით საშუალება ამ იმედგაცრუების შემდეგ ამოისუნთქოს. როდესაც შენით „ტოტენჰემი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“ ინტერესებიან, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერი იშლება, მეც ხასიათი წამიხდებოდა“. ის მართლა გაბრაზდა?
– რა თქმა უნდა. და მე ძალიან კარგად მესმის მისი. როცა ბავშვობიდან უყურებ ყველა ამ ტოპ ლიგას, ახლა კი გესმის, რომ იქ წასვლის რეალური შესაძლებლობა გაქვს, მაგრამ არავინ მოდის – ეს ძალიან საწყენია. ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან ხვიჩასთვის, მაგრამ უბრალოდ, ის მომენტი, როცა ეს არ ხდება, ცუდად მოქმედებს. ხვიჩას დრო სჭირდებოდა, რომ ეს განეცადა. ახლა საბოლოოდ დაივიწყა ეს ვითარება და მეორედ მსგავს დეპრესიას არ მიეცემა.