„რუბინის“ სპორტული დირექტორი - კვარაცხელიას ოთხი გუნდი იწვევდა, ტრანსფერი დროის საკითხია #1TVSPORT
ოლეგ იაროვინსკიმ განმარტა, რატომ დარჩა ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ – ყაზანელთა სპორტულმა დირექტორმა არ დამალა, რომ ქართველით ოთხი კლუბი დაინტერესდა, მაგრამ იქვე განმარტა, რომ ოფიციალური წინადადებით კლუბისთვის არ მიუმართავთ.
2021 წლის დასაწყისიდან ვიცოდით, რომ ევროპული კლუბები თავდამსხმელით დაინტერესდნენ და საქართველოს ნაკრების მარტის თამაშებს დაესწრნენ, სადაც ხვიჩამ ორი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ იმედი გამოთქვა, რომ ხვიჩა ზაფხულში ევროპულ გუნდში გადავიდოდა.
ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარა“ დასრულდა, მაგრამ ვითარება უცვლელია – ხვიჩა ჯერ კიდევ „რუბინშია“. თუ რა მოხდა, ამის შესახებ „ბიზნეს-ონლაინთან“ ოლეგ იაროვინსკიმ ისაუბრა.
„ხვიჩა არის დიდი ფეხბურთელი, რომელიც აუცილებლად ითამაშებს დიდ ევროპულ კლუბში. უბრალოდ ის მხოლოდ 20 წლისაა, მან მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა მაღალ დონეზე. ხდება ისე, რომ მოთამაშეები დიდ გუნდში უცებ არ გადადიან. მაგალითად, ჩემს თვალწინ გაიარა ოდეგარდმა, რომელთანაც ერთად „ვიტესში“ ვიყავით. მან გაიარა ორი იჯარა, დაბრუნდა მადრიდის „რეალში“ და მხოლოდ ახლა გადავიდა „არსენალში“. აშკარა იყო, რომ ის დიდ კლუბში ითამაშებდა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ხვიჩას შუალედური ეტაპი არ სჭირდება. ჩვენ მისი გვჯერა და თავადაც უხარია აქ ყოფნა. უბრალოდ, ზოგჯერ, დიდი ნაბიჯის გადადგმას დიდი დრო სჭირდება. ხვიჩა აუცილებლად გადავა ევროპულ კლუბში და მისი ტრანსფერი დროის საკითხია“, – განაცხადა ოლეგ იაროვინსკიმ.
ყაზანელთა სპორტულმა დირექტორმა დააკონკრეტა, რომ ხვიჩას ტრანსფერზე კლუბები დაუკავშირდნენ:
„ოთხი გუნდი გვესაუბრა, მაგრამ საქმე ბოლო შეთავაზებამდე არ მივიდა. არც ერთ კლუბს არ გამოუგზავნია ოფიციალური დოკუმენტი. ეს ნორმალური და ლოგიკურია, რადგან თუ თქვენ ასეთი ფეხბურთელისთვის საბოლოო მოლაპარაკებებს დაიწყებთ, გარიგებასაც საბოლოოდ დაასრულებთ“.
„ხომ არ ფიქრობთ, რომ „რუბინი“ ბევრს ითხოვს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, რომელიც, გარდა რუსეთის პრემიერლიგისა, არსად არ გამოჩენილა და, შესაბამისად, არც შემოთავაზებებია?“ – იაროვინსკიმ ამ კითხვასაც უპასუხა:
„ეს ხელს საერთოდ არ გვიშლის. ევროპული კლუბები უპირველეს ყოვლისა ასეთი ტრანსფერის დროს დროს ითვალისწინებენ ფეხბურთელის ასაკს, უმაღლესი დონის მატჩების რაოდენობას, მაგრამ „რუბინის“ ფინანსური მოთხოვნილებები ხვიჩას ნიჭის ადეკვატურია და ეს არავის აშინებს. რაც შეეხება იმას, რომ ხვიჩა დარჩა, – ეს არ არის მხოლოდ კარგი, არამედ ძალიან კარგი ამბავია“.