„რუბინის“ ქართველი ლეგიონერები – ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი საქართველოში დაბრუნდნენ. ეს ყაზანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გუნდში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ფეხბურთელები შვებულებაში არიან, მათ შორის ლეგიონერები, რომლებმაც თავიანთ ქვეყნებში უსაფრთხოდ, მაგრამ საკმაოდ რთული გზებით ჩააღწიეს.
სლუცკის თქმით, ფეხბურთელები დიდი ხნის განმავლობაში ყაზანში იმყოფებოდნენ, მაგრამ როდესაც კლუბში მიხვდნენ, რომ კორონავირუსით გამოწვეული პაუზა დიდხანს გაგრძელდებოდა, ყველა მათგანი გაათავისუფლეს და ინდივიდუალური სავარჯიშო გეგმა გაატანეს.
„ყველა მათგანი სამშობლოსა და სახლში მშვიდობიანად დაბრუნდა. თითოეულს თავგადასავალი გადახდა, ყველაზე საინტერესო – ქართველებს, რომლებმაც უღელტეხილები გადაიარეს. ახლა ყველას ინტერნეტი და ველოსიპედი, ყველასთან კავშირი გვაქვს და ყოველდღე მათ ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელი დავალებებს უგზავნის. არავინ იცის, ეს ვარჯიშები რამდენად ეფექტური იქნება“, – განაცხადა სლუცკიმ „სპორტ ეკსპრესთან“ საუბარში.
საინტერესოა, რომ ყაზანიდან თბილისისკენ გზა ვოლგოგრადისა და ვლადიკავკაზის გავლით 2100 კილომეტრია. „რუბინში“ ინტერნაციონალური შემადგენლობაა. გუნდში ყველაზე მეტი ლეგიონერი ხორვატიიდან და საქართველოდან არიან – 2-2, ასევე თამაშობენ შვედი, ბრაზილიელი, უკრაინელი, შვეიცარიელი და დანიელი ფეხბურთელები.