„რუბინის“ მწვრთნელი ქართველებზე კითხვამ გააღიზიანა - 20 ქართველი უნდა ვიყიდოთ, მათზე რომ აღარ მკითხოთ
რუსული მედია ყაზანის „რუბინის“ ქართველ ფეხბურთელებს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილს დიდ ყურადღებას უთმობს. ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ედუარდო დოკამპომ ამით უკმაყოფილება არ დამალა.
მწვრთნელის აზრით, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ზედმეტი ყურადღება ვნებთ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ კითხვა დაუსვეს, ქართველებმა „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი რატომ დაკარგეს.
„ზურიკო ნაკრებიდან ტრავმირებული დაგვიბრუნდა. კვარაცხელიაზე უკეთ კი გარკვეულ მომენტებში სხვები მუშაობენ. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მხოლოდ მასზე ლაპარაკობთ და მხოლოდ მის ამბებზე კითხულობთ – ხვიჩას გაყიდვიდან პროცენტის მიღება ხომ არ გსურთ? ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ იმდენი ბომბი მოთამაშე დაიკარგა და მას უნდა გავუფრთხილდეთ… საერთოდ, რა ხდება ქართველებთან დაკავშირებით? თითქოს, მხოლოდ ისინი თამაშობენ. ალბათ, შემდეგ სეზონისთვის 20 ქართველი უნდა შევიძინოთ და შეკითხვები აღარ იქნება. როდესაც 24-25 წლის იქნებიან და ჩემპიონთა ლიგაზე ხუთჯერ გაიმარჯვებენ, მაშინ ვიტყვით, რომ საუკეთესოები არიან“, – ამბობს ედუარდო დოკამპო.