„რუბინის“ მწვრთნელი პოსტპანდემიურ პერიოდზე - მოთამაშეთა ტრავმიანობა 250 პროცენტით გაიზარდა
ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ, რომლის ხელმძღვანელობითაც ხვიჩა კვარაცხელია და ზუკა დავითაშვილი ვარჯიშობენ, პანდემიის შემდგომ პერიოდზე საინტერესო შეფასებები გააკეთა.
ლეონიდ სლუცკის თქმით, ახლა მთელ მსოფლიოში ყველა მწვრთნელი უჩვეულო პირობებში მუშაობს – ზუსტად არავინ იცის, ამხელა პაუზის და ასეთი შეჩერების შემდეგ, მოთამაშეები როგორ დატვირთოს.
„უამრავი სირთულეა, რადგან ბოლომდე არავინ იცის, როგორ უნდა ჩატარდეს ვარჯიში, როგორ გამოვიყენოთ ინდივიდუალური გრაფიკი, როგორ ვიმუშაოთ ჯგუფებში ისე, რომ მოთამაშეებს ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდეთ. ჩვენ ასევე გვჭირდება ყველა ერთ ფუნქციურ მდგომარეობამდე მივიყვანოთ, რადგან ვიღაცას შესაძლებლობა ჰქონდა ევარჯიშა, ვიღაც კი შინიდან არ გადიოდა. ამის გამო, არა მხოლოდ მე, არამედ ნებისმიერი მწვრთნელი მთელ მსოფლიოში საკმარის პრობლემებს აწყდება“, – აცხადებს „რუბინის“ მთავარი მწვრთნელი.
მისი თქმით, პანდემიის პერიოდის შემდეგ ფეხბურთელების ტრავმიანობა საგრძნობლად გაიზარდა.
„ჩვენ მომატებული ტრავმებისთვის მზად უნდა ვიყოთ. მაგალითად, გერმანიის განახლებულ ჩემპიონატში ტრავმიანობის რიცხვი 250 პროცენტით გაიზარდა! ამიტომ, გვჭირდება, რომ მოთამაშეები მაქსიმალურად კარგად უნდა მოვამზადოთ, რათა სეზონის განახლებას ოპტიმალურ მდგომარეობაში შეხვდნენ. როდესაც გაქვთ შესაძლებლობა, საყვარელი საქმე აკეთოთ, პირველი ვარჯიშები შენში ემოციების მოზღვავებას იწვევს, მაგრამ მალე მოთამაშეებს დაღლილობის ეტაპი ექნებათ. ყოველთვის ასე ხდება, როდესაც მუშაობ და შვებულებაზე ოცნებობ, დასვენებისას კი სამსახური გენატრება. ეს ფსიქოლოგიური პრობლემაცაა“, – ამბობს ყაზანელთა მთავარი მწვრთნელი.