„რუბინის“ მწვრთნელი კვარაცხელიას წასვლას არ გამორიცხავს - ხალხი წავა, როცა მსაჯობაში ასეთი ქაოსია #1TVSPORT
ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ „როსტოვთან“ მატჩი (1:2) შეაფასა და მსაჯობით უკმაყოფილება გამოხატა, რადგან მისი აზრით, ამგვარად, რუსეთიდან ხვიჩა კვარაცხელიას წასვლას აჩქარებენ.
სლუცკი მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო ტურის მატჩი „როსტოვთან“ კარგად ჩაატარა და მსაჯების გამო დაიჩაგრა. მან ასევე ისაუბრა, რომ რუსეთიდან სამსაჯო კომიტეტის პორტუგალიელი ხელმძღვანელის წასვლის შემდეგ, „შავფორმიანებმა“ ძალიან აურიეს. აქვე ვიტყვით, რომ სლუცკის უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამართლება არ უცდია.
„მინდა ვიხილო ნამდვილი ფეხბურთი და არა მსაჯების ბენეფისი, რაც „როსტოვთან“ შეხვედრის არბიტრმა მეშკოვმა მოაწყო. ის მატჩის მთავარი „გმირი“ იყო. აკეთებდა იმას, რაც სურდა. ეს განსაკუთრებით მტკივნეულია ისეთ ვითარებაში, როცა ყველა ვცდილობთ, როგორმე გადავარჩინოთ ჩვენი გუნდი. ჩვენ ბურთის სუფთა ართმევაზე გვაჯარიმებს, კვარაცხელიას მოცელვისთვის კი სილიანოვს მეორე ყვითელი ბარათი არ აჩვენა, ხოლო მატჩის ბოლოს თავად ხვიჩა უსამართლოდ გააფრთხილა. რა თქმა უნდა, ხალხი დატოვებს ასეთ ჩემპიონატს, როცა ასეთი ქაოსია. აუცილებელია გუნდის გადარჩენა, ლეგიონერები მიდიან“, – ამბობს ლეონიდ სლუცკი.
მისი თქმით, „როსტოვთან“ ხვიჩა კვარაცხელიამ ნამდვილი ლიდერივით ითამაშა და არ გამორიცხა, რომ ლეგიონერები გუნდს კიდევ დატოვებენ:
„ის პასუხისმგებლობას გრძნობს. ძალიან კარგი იყო. მას სრული მატჩი დიდი ხანია არ უთამაშია და აქ, მოთამაშეთა დიდი ჯგუფის არარსებობის პირობებში, მნიშვნელოვანი იყო, ვის შეეძლო ლიდერობის საკუთარ თავზე აღება. თუ ამ წაგებაში პოზიტივს ვეძებთ, მაშინ ხვიჩა მართლაც დიდი ლიდერია და ოსტატივით თამაშობდა. წასულ ლეგიონერებზე ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა. თუ ვითარება შეიცვლება, შეგატყობინებთ“.
მნიშვნელოვანი დეტალი – იმ დროს, როდესაც რუსეთში ბევრი ცდილობს, რომ პუტინის თვალში უკრაინაში აგრესიის გამართლებით გამოჩნდეს, სლუცკიმ მიმდინარე მოვლენებზე საუბარი და რუსული აგრესიის გამართლება არ ისურვა, თემას კი თავი აარიდა:
„ახლა მინდა, ფეხბურთზე გავამახვილო ყურადღება. მხოლოდ ეს არის პოზიტივის ცენტრი. ბიჭებს ვეუბნები, რომ დიდი ბედნიერებაა, როცა შეგვიძლია გავაგრძელოთ ის, რაც გვიყვარს, შეგვიძლია ამაზე ფოკუსირება, ყოველ კვირა სტადიონზე წასვლა და ერთადერთი, რის გაკეთებაც ვიცით ამ ცხოვრებაში. ძალიან მტკივნეულია, რომ გარდა ობიექტური სიძნელეებისა, ზოგიერთი გარემოება ასეთ რთულ პერიოდში ერევა“.