„რუბინის“ მთავარი მწვრთნელი - დავითაშვილი ცენტრში ძალიან კარგად გამოიყურება
„რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ყაზანურ კლუბში ზურიკო დავითაშვილს პოზიცია შეუცვალა, ფლანგიდან ცენტრალური ნახევარმცველის პოლიციაზე გადაიყვანა და როგორც აცხადებს, მისთვის ეს ყველაზე ბუნებრივი პოზიციაა.
პირველად ამ პოზიციაზე დავითაშვილმა მატჩი თურქულ შეკრებაზე ჩაატარა, სადაც „რუბინმა“ მოსამზადებელ ეტაპზე პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ყაზანურ კლუბში ეს ახალი მთავარი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის პირველი მატჩი იყო, გუნდი პოლონეთის მოქმედ ჩემპიონს, გდანსკის „ლეხიას“ დაუპირისპირდა.
„ზურიკო ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ვარჯიშების დროს ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მასთან ამ საკითხზე დიდხანს ვილაპარაკე, ნაკრების წევრია და იქაც ამ ამპლუაში თამაშობს. მისთვის ეს როლი მშობლიურია. ვერ ვიტყვი, რომ „ლეხიასთან” გამორჩეული თამაში ჩაატარა, მაგრამ მთლიანობაში ამ როლში შეტევაშიც და დაცვაშიც ბუნებრივად გამოიყურება“ – ამბობს სლუცკი.
ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო ბექა მიქელთაძეს და ნიკა ყიფიანს არ უთამაშიათ. ყაზანელებმა 1:0 მოიგეს, რაშიც ქართველებმა დიდი როლი ითამაშეს. გოლი მას შემდეგ გავიდა, როდესაც დავითაშვილმა მეტოქეს ბურთი აართვა.