„რუბინის“ გენერალური დირექტორი - კვარაცხელიას შენარჩუნება გვსურს #1TVSPORT
ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა „სპორტ-ექსპრესთან“ კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ბოლო დროს გაზრდილ დაინტერესებაზე. მისი თქმით, გუნდს საქართველოს ნაკრების შემტევის გაშვება არ სურს.
„ჯერჯერობით „აიაქსიდან“ არავინ დაგვკავშირებია. არსებული პირობების მიხედვით, ახლა ხვიჩას არანაირი მოლაპარაკების დაწყება არ შეუძლია. ის „რუბინის“ ფეხბურთელია და გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ზოგი ტრანსფერზე მსჯელობს და ახალი გუნდის მოძებნას ცდილობს. მეჩვენება, რომ ასეთი საუბრები თავად ხვიჩასთვის და კლუბისთვის საზიანოა. ის ხომ კითხულობს და ხედავს, რომ მისით „აიაქსი” ინტერესდება. ალბათ, ვინმე მას ყველანაირ ჭორს უყვება. კვარაცხელია ახალგაზრდა ბიჭია და ეს მას აზიანებს“, – განაცხადა საიმანოვმა „სპორტ-ექსპრესთან“.
საიმანოვმა ასევე თქვა, რომ „რუბინს“ ხვიჩას შენარჩუნება სურს:
„ჩვენ მისი გაყიდვის სურვილი არ გვაქვს. უფრო სწორად, გვინდა, რომ „რუბინში“ დიდხანს შევინარჩუნოთ. შევუქმნათ კარგი პირობები, შევთავაზოთ პრემიები. და საერთოდაც, იქნებ მას ჩვენთან უფრო დიდხანს დარჩენა ნამდვილად უღირდეს“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის შესახებ ამსტერდამის „აიაქსის“ ტექნიკურმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია კლუბის ინტერესების სფეროში არ შედის. თუმცა, „სპორტ-ექსპრესი“ ამტკიცებს, რომ ფეხბურთელის მენეჯერი მამუკა ჯუღელი „აიაქსის“ სპორტულ დირექტორს მალე შეხვდება და ტრანსფერზე დაელაპარაკება.