„რუბინის“ ესპანელი ექსმწვრთნელი - კვარაცხელია ევროპაში მაინც ითამაშებს, დავითაშვილს კარგი პერსპექტივა აქვს #1TVSPORT
ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა ესპანელმა მწვრთნელმა, ედუარდო დოკამპომ გამოცემა „ბიზნეს ონლაინთან“ ინტერვიუში გაიხსენა ის დრო, როდესაც გუნდში ქართველი ფეხბურთელები, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ჩაირიცხნენ.
„როდესაც „რუბინში“ მუშაობდით, იმ სეზონში გუნდში ბევრი ქართველი იყო. დავითაშვილზე მეტ ფსონს დებდით, კვარაცხელიას ხშირად სკამზე ტოვებდით. არ ფიქრობთ, რომ ეს შეცდომა იყო?
– ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია. ახლაც და იმ სეზონზეც, მაგრამ ზურიკო ვამჯობინე, რადგან მაშინ უკეთეს ფორმაში იყო. ხვიჩას ყოველთვის უნდოდა მოტყუება და როცა ბურთს კარგავდა, ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა ხდებოდა, რადგან კონტრშეტევები გვეპარებოდა. ახლა კი, როცა ის ბურთს კარგავს, სხვა მოთამაშეებს შეუძლიათ დააზღვიონ. ჩვენ ფეხბურთისადმი განსხვავებული მიდგომა გვქონდა. გვინდოდა, მთელ გუნდს შეტევაში და დაცვაში ეთამაშა. ახლა ხვიჩა ბევრად ძლიერია, ვიდრე ჩვენთან რომ თამაშობდა.
– რა არის ამ პროგრესის მიზეზი?
– ამაში მთავარი როლი სლუცკიმ შეასრულა, მისცა მეტი სათამაშო დრო. გუნდი მოელის, რომ ის მომენტს შექმნის, პენალტს მოიპოვებს ან თვითონ გაიტანს, ან მეტოქეს ყვითელ ბარათს მიაღებინებს. ჩვენს დროსაც პროგრესირებდა, როდესაც შეცვლაზე თამაშობდა.
– ზედმეტ აჟიოტაჟში ხომ არ გადავიდა საუბრები, რომ ხვიჩა ძლიერ ევროპულ კლუბში უნდა წავიდეს?
– ვფიქრობ, არა. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ მას ამდენი ყურადღება არ უნდა მიაქციონ. ის მაშინ 19 წლის იყო და კარიერას იწყებდა. მას მშვიდად მუშაობა სჭირდებოდა და მერე აუცილებლად ათამაშდებოდა. ეს უფრო აგენტების სურვილია გაყიდონ, ვიდრე რეალური ინტერესი, მაგრამ ხვიჩა ადრე თუ გვიან ევროპაში რომ ითამაშებს, გასაგებია.
– საბოლოოდ, დავითაშვილს კარიერა ნაკლებად წარმატებულად რატომ აეწყო?
– ზურიკოს მხოლოდ გოლები აკლია. როგორც კი სეზონში 6-7 გოლის გატანას დაიწყებს, მშვენიერი ფეხბურთელი გახდება. მას აქვს ტექნიკა, პასი და დიდი სამუშაოს მოცულობის შესრულების უნარი. ის შრომისმოყვარე ფეხბურთელია“.