„რუბინის“ დირექტორი - კვარაცხელია ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე დაისვენებს #1TVSPORT
ლეონიდ სლუცკის გუნდი რუსეთის პრემიერლიგის გადამწყვეტ მატჩებს ლიდერის გარეშე ჩაატარებს – საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე არ ითამაშებს.
ქართველი თავდამსხმელი პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩში ეკატერინბურგის „ურალთან“ შეხვედრის 31-ე წუთზე დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.
გუნდის ლიდერის დანაკლისის შესახებ ყაზანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა.
„ხვიჩას აქვს ტრავმა, მას ჯერ არ ჩაუტარებია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. სავარაუდოდ, ის სეზონის ბოლომდე არ ითამაშებს. მისი ჯანმრთელობით გარისკვა და საფრთხეში ჩაგდება არ ღირს. დაზიანების შემდეგ ფორმაში ჩადგომისთვისაც გარკვეული დრო დასჭირდება”, – განაცხადა საიმანოვმა.