ყაზანის „რუბინი“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს ეძებს – ამის შესახებ ყაზანელთა გენერალურმა დირექტორმა რუსტამ საიმანოვმა გამოცემა „ჩემპიონატთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„კვარაცხელია შთამბეჭდავი მოთამაშეა და მის პოზიციაზე პრობლემა არ გვაქვს. ამავე დროს ვხვდებით, რომ ალბათ, მასთან დაკავშირებით მალე შემოთავაზება იქნება და საჭიროა ხვიჩას შემცვლელი მოვამზადოთ. ამ პოზიციაზე ძლიერი შემტევი ნახევარმცველი გვჭირდება. ამ საკითხს ყველა ერთად განვიხილავთ – სელექციის განყოფილება, სპორტული დირექტორი, სამწვრთნელო შტაბი. კანდიდატები უკვე გვყავს. ჩვენ მათ ვუყურებთ და მოლაპარაკებებს ვიწყებთ“, – განაცხადა საიმანოვმა.
თუმცა, ყაზანელთა გენერალურმა დირექტორმა საქართველოს ნაკრების 19 წლის შემტევის შესახებ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
„მივიღეთ თუ არა ხვიჩას შესახებ შეთავაზება? მსჯელობა მიმდინარეობს, ბევრს საუბრობენ, მაგრამ ჯერ კლუბს ოფიციალური წინადადება არ მიუღია. დორტმუნდის „ბორუსია“? შესაძლოა, ეს კლუბი დაინტერესებულიცაა. იმდენ რამეს მეუბნებიან, რომ ჭორებზე რეაგირება აღარ მაქვს. იქნება ოფიციალური შეთავაზებები, გარკვეული სახის კონტაქტები – ჩვენ ყოველთვის ღია ვართ. ჯერ კონკრეტული არაფერია“, – აცხადებს საიმანოვი.