ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა კლუბი ისევ შეიცვალოს და კარიერა სხვა რუსულ კლუბში გააგრძელოს. 18 წლის ქართველი თავდამსხმელი წელს „რუსთავიდან“ მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა, მაგრამ „სპორტ-ექსპრესის“ ინფორმაციით, მისით რუსეთის პრემიერლიგის ყაზანის „რუბინი“ დაინტერესდა და ეს ტრანსფერი საკმაოდ რეალურია.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 18 წლის თავდამსხმელმა მოსკოვის „ლოკომოტივში“ ექვსი თვე იჯარით ითამაშა, „რკინიგზელებს“ მისი დატოვება სურდათ, მაგრამ ვითარება შეიცვალა. „სპორტ-ექსპრესთან“ ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ დაადასტურა, რომ „ლოკომოტივთან“ მოლაპარაკებები შეჩერდა.
„ხვიჩას მენეჯერმა მითხრა, რომ „ლოკომოტივთან“ შეთანხმება შეუძლებელი იყო და ამის შემდეგ არავინ დაგვკავშირვებია“, – აცხადებს ბადრი კვარაცხელია.
მოლაპარაკებების შეფერხებას „ლოკომოტივის“ გენერალური დირექტორი ვასილი კიკნაძეც ადასტურებს, მაგრამ კვარაცხელიას დაბრუნების იმედს არ კარგავს.
„მოლაპარაკება ხვიჩას მენეჯერთან გვქონდა და გვჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, მაგრამ ბოლო დღეებში რაღაც შეიცვალა. აქედან გამომდინარე, ხვიჩას მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ყველაფერი მაქსიმუმ ორ დღეში გაირკვევა“, – ეს კიკნაძემ „სპორტ-ექსპრესთან“ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „რუბინში“ ზურიკო დავითაშვილი ჩაირიცხა, დღეს კი საქართველოს პირველ არხს ბექა მიქელთაძემაც (რომელმაც მაისში ფამაგუსტის „ანორთოსისი“ დატოვა) დაუდასტურა, რომ ყაზანურ კლუბს პირობებზე შეუთანხმდა.