„რუბინი“ პოლონურმა „რაკუვმა“ დაამარცხა, რომლის მთელი შემადგენლობა კვარაცხელიაზე ნაკლები ღირს #1TVSPORT
ყაზანის „რუბინმა“ კონფერენს ლიგის განმეორებით მატჩში პოლონურ „რაკუვს“ უმასპინძლა და მოულოდონელად დამარცხდა. პირველი მატჩი პოლონეთში 0:0 დასრულდა, გამარჯვებული ვერც საპასუხო მატჩის ძირითად დროში გამოვლინდა და დაინიშნა დამატებითი დრო. ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 106-ე წუთზე შეცვალეს.
ლეონიდ სლუცკიმ ქართველი თავდამსხმელი იძულებით შეცვალა, რადგან 106-ე წუთზე ყაზანელებს მცველი იგორ სამოშნიკოვი მეორე ყვითელი ბარათის გამო გაუძევეს. „რუბინის“ კოშმარი ამის შემდეგ დაიწყო. 111-ე წუთზე „რაკუვის“ ლატვიელმა თავდამსხმელმა ვლადისლავ გუტკოვსკიმ მასპინძელთა კარი აიღო. ყაზანელები მთელი გუნდით შეტევაში წავიდნენ და წონასწორობის აღდგენის შანსი 122-ე წუთზე მიიღეს, მაგრამ სეად ჰაკშაბანოვიჩის დარტყმა პოლონელთა მეკარემ, მოიგერია და „რაკუვი“ შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ „რაკოვის“ მთელი შემადგენლობა შეფასებულია უფრო იაფად, ვიდრე რუსული კლუბის ქართველი ფეხბურთელი. პორტალ „ტრანსფერმარკტის“ მონაცემებით, პოლონეთის ვიცე-ჩემპიონის ყველა ფეხბურთელის ჯამური ფასი 14,9 მილიონი ევროა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია – 18 მილიონ ევროდ. ექსპერტები ყაზანის სრული შემადგენლობის ჯამურ ფასს 70,95 მილიონ ევროს აფასებენ. ამ დროს, კონფერენს ლიგის შესარჩევ ორ მატჩში „რუბინს“ პოლონელებისთვის არც ერთი გოლი არ გაუტანია.
football.kulichki: „დიახ, კვარაცხელიამ არ გამოიყენა გოლის გატანის რამდენიმე შესანიშნავი შესაძლებლობა, მაგრამ ლეონიდ სლუცკის გუნდს სხვა რეალური მომენტები არც შეუქმნია“.
sport-express: „ხშირად კვარაცხელია ცენტრში გადადიოდა, სადაც საყრდენ ნახევარმცველებს აწყდებოდა. ხვიჩა უმნიშვნელოვანეს მატჩში არ შერცხვენილა, მაგრამ საუკეთესო თვისებები ნამდვილად ვერ გამოავლინა“.