„რუბინი“ ორმა ლეგიონერმა დატოვა - კვარაცხელიას ამბავი უცნობია #1TVSPORT
ყაზანის „რუბინმა“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ 2022 წლის ზაფხულამდე შეაჩერა კონტრაქტები ნახევარმცველებთან ანდერს დრეიერთან და სეად ხაკშაბანოვიჩთან.
დრეიერი და ხაკშაბანოვიჩი ყაზანურ კლუბში სეზონის დაწყებამდე გადავიდნენ. 23 წლის დანიელი „რუბინში“ 2021 წლის აგვისტოში გადავიდა და ყაზანურ კლუბთან ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. დრეიერმა 14 მატჩში 8 გოლი გაიტანა. დანიის ნაკრებში 2 მატჩში აქვს ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ „რუბინმა“ ბოლო ტურის მატჩი გროზნოს „ახმატთან“ სწორედ დაიერის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო.
ხაკშაბანოვიჩი მონტენეგროელია შვედური პასპორტით. 22 წლის შემტევი ნახევარმცველი „რუბინში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა – მან რუსულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის თანხა 6 მილიონი ევრო გახლდათ. ყაზანურ კლუბში 20 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ფიფა-მ ნება დართო რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ლეგიონერებს, სეზონის ბოლომდე ცალმხრივად შეაჩერონ კონტრაქტები კლუბებთან. ამით უკვე ისარგებლეს ლუკა გაგნიძემ და ლუკა წულუკიძემ და ეკატერინბურგის „ურალი“ დატოვეს.
მაგრამ რუსული კლუბები ჯერ კიდევ ახერხებენ და აჩერებენ ხვიჩა კვარაცხელიას („რუბინი“) და ზურიკო დავითაშვილს (ტულის „არსენალი“).