„რუბინი“ კვარაცხელიათი „ინტერის“ დაინტერესებას უარყოფს #1TVSPORT
„რუბინი“ კვარაცხელიათი „ინტერის“ დაინტერესებას უარყოფს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს კიდევ ორი იტალიური კლუბი იჩენს – საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის შესაძლო ტრანსფერზე მორიგ ინფორმაციას Tuttomercatoweb ავრცელებს.

გამოცემის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში „ლომბარდიული დერბი ტალანტი კვარაცხელიას გამო“ ავტორი ამტკიცებს, რომ 20 წლის ქართველის მიმართ ინტერესს მილანის „ინტერი“ და „ატალანტა“ იჩენენ.

„2001 წელს დაბადებულ ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას, „ინტერი“ და „ატალანტაც“ აკვირდებიან. ჩვენი ცნობის თანახმად, ფეხბურთელის გარემოცვა სატრანსფერო ოპერაციაში დაახლოებით 15-20 მილიონ ევროს ითხოვს, რაც მაღალი საკომისიო თანხაა“, – წერს Tuttomercatoweb.

„რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა იტალიური კლუბების დაინტერესების შესახებ გავრცელებულ ხმებზე კომენტარი გააკეთა.

„კლუბს არანაირი შემოთავაზება არ მიუღია, ეს ყველაფერი სპეკულაციაა. რას ნიშნავს, რომ „რუბინმა“ ხვიჩა 15-20 მილიონ ევროდ შეაფასა? როგორ შეგვიძლია შევაფასოთ, თუ ჩვენთან არავინ მოვიდა? არც „ატალანტა“ და არც – „ინტერი“. თუ ისინი აგზავნიან მოთხოვნას ფეხბურთელის მიმართ ინტერესის შესახებ, მაშინ რამის თქმას აზრი აქვს. თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. ეს ბიჭი მეცოდება. ახლა მას თავბრუს ახვევენ ჭორებით, აჟიოტაჟი შეიქმნა, მაგრამ მას თამაში წყნარ გარემოში სჭირდება. ეს ხმაური მისთვის კარგი ნამდვილად არ არის, რადგან პირველ რიგში მასზე ვფიქრობთ“, – თქვა საიმანოვმა Sport24- ის კორესპონდენტთან ინტერვიუში.

საინტერესო დეტალია – რუსულმა გამოცემებმა, „ჩემპიონატმა“ და „სპორტ-ექსპრესმა“Tuttomercatoweb-ის ეს ინფორმაცია თარგმნეს, მაგრამ სათაურში მხოლოდ „ატალანტას“ დაინტერესება გამოიტანეს. ცნობილია, რომ 20 წლის ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულია „მილანი“, „იუვენტუსი“, „ნაპოლი“ და დორტმუნდის „ბორუსია“. მანამდე პორტალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მილანი“კვარაცხელიას აგენტთან მუდმივ კონტაქტშია.