„რუბინი“ კვარაცხელიას ევროპაში არ უშვებს - ყაზანელებმა ხვიჩა განაცხადში დააბრუნეს #1TVSPORT
ყაზანის „რუბინი“ იჯარით სამ უცხოელ ფეხბურთელს უშვებს, რათა სამი უფრო სასურველი მოთამაშე განაცხადში შეიყვანოს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, – ინფორმაციას გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“ ავრცელებს.
რუსეთის ჩემპიონატში ლეგიონერებზე ლიმიტია – განაცხადში რვაზე მეტ უცხოელის შეყვანა არ შეიძლება. გამოცემა ამტკიცებს, რომ სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე ხორვატი ცენტრალური მცველი სილვიე ბეგიჩი იჯარით სამარას „კრილია სოვეტოვში“ გადავა. შვეიცარიელ ნახევარმცველს, დარკო ევტიჩსაც ბერძნულ აეკ-ში ასევე იჯარით უშვებენ. იაპონური „სენარ ბერმარედან“ იჯარით დამატებული კიდევ ერთი ლეგიონერი მიცუკი საიტო კი თავის კლუბს დაუბრუნდება.
„ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ „რუბინის“ განაცხადში გამოთავისუფლდეს ლეგიონერების კვოტა ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას, სერბი ჯორჯ დესპოტოვიჩისა და გუნდის ახალწვეულის, დანიელი ანდერს დრეიერის დასამატებლად“, – ამტკიცებს „სპორტ-ექსპრესი“.
შეგახსენებთ, რომ „რუბინმა“ მცირე ხნის წინ 20 წლის ქართველი თავდამსხმელი საგანაცხადო სიიდან ტრავმის გამო ამოიღო. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ხვიჩა კვარაცხელია „ტოტენჰემში“ მიდიოდა.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ინგლისის პრემიერლიგაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერზე არაფერი ისმის. ყაზანელებმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში ისეთ დიდ თანხებს ითხოვენ, რასაც დაინტერესებული კლუბები არ იხდიან და 20 წლის ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში მინიმუმ დეკემბრამდე ითამაშებს.