„როტორმა“ ოფიციალურად დაადასტურა - ანანიძესთან ხელშეკრულების შეწყდა
ვოლგოგრადის „როტორმა“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძესთან ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით გაწყვიტა – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
ჯანო ანანიძემ „როტორთან“ კონტრაქტი 6 აგვისტოს გააფორმა და კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. 12 სექტემბერს კი ხელშეკრულება შეწყდა. არადა, კონტრაქტი 2021 წლის მაისამდე იყო გათვლილი.
მომხდარზე კომენტარი „როტორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდრეი რეჩეჩინსკიმ გააკეთა.
„როდესაც ჯანოსთან მოლაპარაკება დავიწყეთ, გვესმოდა, რომ ვრისკავდით. აშკარა იყო, რომ ოპტიმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად მას გარკვეული დრო დასჭირდებოდა. კარგი სცენარით, ჩვენ რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველით გავძლიერდებოდით. მაგრამ ბედმა სხვაგვარად განსაზღვრა. ჯანოს მადლიერები ვართ და გვინდა ვუსურვოთ, ყველა ტრავმისგან განიკურნოს და თამაშით კვლავ გაგვახაროს,“ – ამბობს ანდრეი რეჩეჩინსკი.