„როტორი“ გავარდნას მიუახლოვდა - ქართველების გუნდმა „სოჭთან“ ბოლო წამებზე წააგო #1TVSPORT
ვოლგოგრადის „როტორი“, სადაც ოთხი ქართველი თამაშობს, რუსეთის პრემიერ ლიგის 29-ე ტურის მატჩში გასვლაზე „სოჭთან“ „ფიშტ სტადიონზე“ 1:2 დამარცხდა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-9 წუთზე ალექსანდრე რუდენკოს გოლით გახსნეს. „როტორმა“ 30-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში – ნიკა ყიფიანის შესრულებული კუთხურის შემდეგ ალექსეი შჩეტკინმა თავით ბურთი „სოჭის“ კარის შორეულ კუთხეში გააგზავნა. მეორე ტაიმში „სოჭმა“ ვოლგოგრადელებზე ზეწოლა გაზარდა და რამდენიმე საგოლე შანსი ჰქონდა. მატჩმა ინტრიგა ბოლო წამებამდე შეინარჩუნა. მასპინძლებმა გამარჯვების გოლი 90+3-ე წუთზე გაიტანეს, ეს არტურ იუსუპოვმა მოახერხა.
„როტორის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ საბა კვირკველია, ნიკა ყიფიანი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი არაბიძე კი ტრავმის გამო არ იყო. კვირკველიას გამოცემა „ჩემპიონმა“ 10-ბალიან სისტემაში 5,5 ქულა დაუწერა, ყიფიანსა და დავითაშვილს – 7-7 ქულა. დავითაშვილი ძალიან აქტიური იყო, ერთ ეპიზოდში გატანა სცადა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა. ერთხელ მის წამოწყებული შეტევას ყიფიანი აგვირგვინებდა, მაგრამ მიზანს ოდნავ ააცილა.
რუსეთის პრემიერ ლიგაში გამართული 29-ე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ვოლგოგარდის „როტორი“ 21 ქულით მე-14 ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ურთულეს მდგომარეობაშია – ვოლგოგრადელთა კონკურენტ „უფას“, რომელიც 21 ქულით მე-15 ადგილზეა, 29-ე ტურის მატჩი „ზენიტთან“ სახლში აქვს ჩასატარებელი და ქულის მოპოვების შემთხვევაშიც გადაასწრებს. ლიგიდან ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი ვარდება, შემდეგი ორი გუნდი კი პლეი-ოფში ითამაშებს.