ჩრდილოირლანდიელმა რორი მაკილროიმ მიიღო „წლის მოთამაშის“ ჯილდო PGA Tour-ის ვერსიით. ამ ორგანიზაციამ ანონიმური გამოკითხვა ჩაატარა გოლფისტებს შორის, რომლის შედეგადაც მაკილროიმ გაუსწრო ამერიკელებს – ბრუქს კეპკას, მეტ კუჩარასა და ქსანდერ შოფელს.
გამარჯვებაზე ფავორიტად მიიჩნეოდა კეპკა (მან ანალოგიური პრიზი მოიგო PGA of America-სგან), რომელიც სეზონის ოთხივე „მეიჯორზე“ TOP5-ში ხვდებოდა, მაგრამ გოლფისტებმა პირველ ადგილზე ჩრდილოირლანდიელი გაიყვანეს. PGA Tour-მა არ გაამხილა გოლფისტების მიერ მიღებული პროცენტები.
მაკილროი 2012 და 2014 წლებში უკვე იყო ამ პრიზის მფლობელი. ამ სეზონში მან 19 ტურნირი ჩაატარა, 14-ჯერ მოხვდა ტოპ-ათეულში და სამი ტიტული მოიპოვა.