სნუკერში დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატის ფინალს გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა. ინტრიგა დიდი იყო – რონი ო’სალივანი მარკ ალენის წინააღმდეგ. ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით, მცირე უპირატესობას (4-3) ო’სალივანი ფლობდა. თუმცა ინგლისელს ჩრდილოეთ ირლანიდიელისთვის „სამმაგი გვირგვინის“ ტურნირებში არასდროს მოუგია.
ეს ამ მოთამაშეების პირველი დაპირისპირება იყო დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატზე. ო’სალივანმა შეხვედრა ცუდად დაიწყო და პირველი ფრეიმი წააგო. მას შემდეგ, რაც ალენი დაწინაურდა (1-0 და 2-1), ინგლისელმა დომინირება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიელმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, მან მხოლოდ 6 პარტიის მოგება მოახერხა. ო’სალივანი კი თითქმის უშეცდომო იყო და საბოლოოდ შეხვედრა 10-6 მოიგო.
ამ გამარჯვებით რონი ო’სალივანმა მეშვიდედ მოიპოვა დიდი ბრიტანეთის ჩემპიონის ტიტული, ეს კი რეკორდული მაჩვენებელია. ინგლისელმა სტივ დევისს გადაასწრო, რომელსაც 6 გამარჯვება ჰქონდა. ამასთან ერთად, ახლა ო’სალივანის აქტივში „სამმაგი გვირგვინის“ ტურნირებში მოპოვებული 19 ტიტულია. ამ მაჩვენებლით მან მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს სტივ ჰენდრის აჯობა.
დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის ინგლისელმა მოთამაშემ ჯილდოდ 170 000 ფუნტი მიიღო.