რონდოს ბოლო წამზე ჩაგდებული გამარჯვების ბურთი - „ლეიკერსმა“ „ბოსტონი“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულში მორიგი მატჩები გაიმართა. დღის ცენტრალური შეხვედრა ბოსტონის „ტი დი გარდენში“ ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა „სელტიკსმა“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ უმასპინძლა და ბოლო წამზე რაჟან რონდოს მიერ ჩაგდებული ბურთის შედეგად ერთადერთი ქულის სხვაობით წააგო (128-129).
რონდოსთვის ეს კარიერაში პირველი გამარჯვების მომტანი ორქულიანი გახლდათ. „ლეიკერსის“ რიგებში საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 28 ქულით, 12 მოხსნითა და 12 პასით სამმაგი დუბლი გაიფორმა. 25 ქულით დაასრულა მატჩი კაელ კუზმამ. 17 ქულითა და 10 პასით ორმაგი დუბლი ჰქონდა რაჟან რონდოს.
„ბოსტონელთა“ შორის ყველაზე მეტი 24 ქულა კაირი ირვინგის ანგარიშზეა. 22 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა ჯეისონ ტატუმმა. „ლეიკერსისთვის“ ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო, გუნდი 28 მოგებითა და 27 მარცხით მეათე ადგილზეა და მერვე ადგილზე მყოფ „კლიპერსს“ ორი მოგებით ჩამორჩება.
ინდიანა – კლიპერსი 116-92
ორლანდო – მინესოტა 122-112
ატლანტა – ტორონტო 101-119
ოკლაჰომა – მემფისი 127-118