რონალდუს ახალი მიღწევები - 500 მოგება და 50 გოლი
რონალდუს ახალი მიღწევები - 500 მოგება და 50 გოლი

მას შემდეგ, რაც ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე 5:0 გაანადგურა “სევილია”, კრიშტიანუ რონალდუ მორიგი სტატისტიკური მიღწევების ავტორი გახდა.

ჯერ ერთი, პორტუგალიელმა საკლუბო დონეზე მე-500 მატჩი მოიგო: კრიშტიანუს 301 მოგება აქვს “რეალთან” ერთად, 186 მატჩი მოიგო “მანჩესტერ იუნაიტედში” და 13 – “სპორტინგში“.

მეორე მიღწევა უნიკალური და სარეკორდოა: რონალდუ პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, ვინც ზედიზედ შვიდი წელია მინიმუმ 50 გოლის გატანას ახერხებს. “სევილიას” წინააღმდეგ “რეალის” ფორვარდმა დუბლი შეასრულა და 2017 წელს 51 გოლი დაუგროვდა. ამისთვის, პორტუგალიელს 57 მატჩი დასჭირდა. გამოდის, რომ წელს რონალდუ საშუალოდ 0.89 გოლს იტანდა.

კრიშტიანუს გოლების რაოდენობა ბოლო შვიდ წელიწადში ასე გამოიყურება:
2011 – 60 გოლი
2012 – 63 გოლი
2013 – 69 გოლი
2014 – 61 გოლი
2015 – 57 გოლი
2016 – 55 გოლი
2017 – 51 გოლი

აღსანიშნავია, რომ რონალდუს გარდა, 2017 წელს კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა შეძლო მინიმუმ 50 გოლის გატანა:
რობერტ ლევანდოვსკი (52 გოლი, საშუალოდ 1,02)
ლიონელ მესი (52, 0.85)
ედინსონ კავანი (51, 0.86)
ჰარი კეინი (50, 1.04)