რონალდოს დებიუტი „ალ-ნასრში“ გადაიდო - მიზეზი ინგლისში მიღებული დისკვალიფიკაციაა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო მონაწილეობას ვერ მიიღებს „ალ-ნასრის“ უახლოეს მატჩებში. კერძოდ, პორტუგალიელი გამოტოვებს შეხვედრებს „ალ-თაისა“ და „ალ-შაბაბის“ წინააღმდეგ. თამაშები 5 და 14 იანვარს გაიმართება.
რონალდო ამ შეხვედრებში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. ნოემბერში ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ფორვარდი ორი მატჩით დასაჯა იმ ინციდენტის გამო, რომელიც აპრილში მოხდა. მაშინ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მოთამაშე კრიშტიანომ აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭს ხელში ჩაარტყა და ტელეფონი გაუტეხა.
რონალდოს ჯერ არ მოუხდია დისკვალიფიკაცია – სასჯელის შესახებ გადაწყვეტილება „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მისი კონტრაქტის გაწყვეტის მეორე დღეს მიიღეს. ფიფა-ს რეგლამენტის თანახმად, მოთამაშეებს, რომლებსაც ბოლომდე არ აქვთ მოხდილი დისკვალიფიკაცია წინა ლიგებში, უნდა გამოტოვონ საწყისი მატჩები ახალ ჩემპიონატში.
ასე რომ, კრიშტიანო რონალდოს შეუძლია, „ალ-ნასრში“ სადებიუტო მატჩი მხოლოდ 21 იანვარს ითამაშოს, ამ დღეს მისი ახალი გუნდი „ალ-ითიფაკს“ შეხვდება.