რონალდომ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ცხრა დიდ ტურნირზე ითამაშა #1TVSPORT
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სავარაუდოდ, კრიშტიანო რონალდოს ბოლო დიდი ტურნირი იქნება პორტუგალიის ნაკრებში. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა მოთამაშემ ვერ შეძლო მთავარი თასის აღება. მან ეროვნულ ნაკრებში სულ 9 დიდ ტურნირზე ითამაშა.
რონალდოს პირველი დიდი ტურნირი ევრო 2004 იყო. 19 წლის გარემარბმა პორტუგალიის ნაკრებში მალევე გაიბრწყინა – ორი გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა და პორტუგალიელებს ფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც გუნდი საბერძნეთთან სენსაციურად დამარცხდა.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალია ნახევარფინალში გავიდა. იმ ტურნირზე კრიშტიანომ ირანთან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ნაკრებისთვის ყველაფრისთვის მზად იყო – „მანჩესტერ იუნაიტედში“ თანაგუნდელის, უეინ რუნის გაძევებასაც კი მიაღწია. მე-3 ადგილისთვის მატჩში გერმანიასთან მარცხმა რონალდო ძალიან დაამწუხრა.
კრიშტიანო ევრო 2008-ზე უკვე ლიდერის სტატუსით ჩავიდა. პორტუგალიელებმა პირველი ადგილი დაიკავეს ჯგუფში, სადაც მათი მეტოქეები იყვნენ თურქეთი, ჩეხეთი და შვეიცარია, მაგრამ გერმანელებთან მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ გამოვარდნენ. რონალდომ გოლი და სამი საგოლე გადაცემა დააგროვა.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო პირველი დიდი ტურნირი, რომელშიც კრიშტიანომ პორტუგალიას უკაპიტნა. გუნდი არცთუ ისე კარგად გამოვიდა: პორტუგალიელებმა ჯგუფში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვეს (7:0 ჩრდილოეთ კორეასთან) და მერვედფინალში მომავალ ჩემპიონებთან, ესპანეთთან დამარცხდნენ. რონალდო კორეელებთან გოლითა და პასით შემოიფარგლა.
ევრო 2012 უფრო წარმატებული გახდა პორტუგალიისთვისაც და კრიშტიანოსთვისაც. გერმანიის, ნიდერლანდებისა და დანიის ურთულეს ჯგუფში მეორე ადგილით გასულმა პორტუგალიამ მეოთხედფინალში ჩეხეთი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში კვლავ ესპანელებთან დამარცხდა (პენალტების სერიაში). რონალდომ სამი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა – ორი ბოლო ტურში ჰოლანდიელებთან და მეოთხედფინალში ჩეხებთან, რომლითაც პორტუგალიამ გაიმარჯვა.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი პორტუგალიელებისთვის ყველაზე წარუმატებელი ტურნირი იყო რონალდოს ეპოქაში – ჯგუფიდანაც ვერ გავიდნენ. პირველ ტურში დამარცხდნენ გერმანელებთან (0:4), მომდევნო ორ თამაშში პორტუგალიამ 4 ქულა დააგროვა, მაგრამ ბურთების უარესი სხვაობის გამო მეორე ადგილი ამერიკელებთან დათმო. კრიშტიანომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თამაშში საგოლე პასი გააკეთა და განასთან გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
შემდეგი დიდი ტურნირი, ევრო 2016 რონალდოსა და პორტუგალიისთვის ტრიუმფალური გამოდგა. გუნდი ისლანდიასთან, უნგრეთთან და ავსტრიასთან ჯგუფიდან სამი ფრით გავიდა, შემდეგ კი ზედიზედ დაამარცხა ხორვატია, პოლონეთი და უელსი. საფრანგეთთან ფინალში რონალდო დაშავდა, მაგრამ პორტუგალიამ ოვერტაიმამდე გაძლო, სადაც ედერის გოლით გაიმარჯვეს. კრიშტიანომ სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიამ ესპანეთთან შესანიშნავი მატჩით დაიწყო (3:3), რომელშიც კრიშტიანომ ჰეთ-თრიკი შეასრულა. რონალდომ გამარჯვების გოლი მაროკოს წინააღმდეგ გაიტანა. ირანთან ფრის (1:1) შემდეგ პორტუგალიელები მერვედფინალში გავიდნენ და ურუგვაისთან 1:2 დამარცხდნენ.
ევრო 2020-ზე კრიშტიანუმ გიჟური თამაში აჩვენა ჯგუფურ ეტაპზე, სადაც პორტუგალიის მეტოქეები იყვნენ უნგრეთი, გერმანია და საფრანგეთი: 5 გოლი და საგოლე პასი. მერვედფინალში ბელგიის ოქროს თაობა პორტუგალიელს ელოდა – აქ კი რონალდო უკვე უძლური იყო.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კრიშტიანო უკვე ნაკლებად ჰგავდა თავის თავს – მან ერთადერთი გოლი განასთან პენალტით გაიტანა. პორტუგალიის მაროკოსთან გამოვარდნა ძალიან უსიამოვნო იყო და მიუხედავად იმ იმედგაცრუებისა, რომელიც ბოლო წლებში დიდმა ვარკვლავმა განიცადა, მან ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი ისტორია დაწერა, რომელსაც ვერაფერი წაშლის.