„იუვენტუსის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდომ ტურინულ კლუბში დარჩენა ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე გადაწყვიტა, – იუწყება La Gazzetta dello Sport.
ევროპულ პრესაში იწერებოდა, რომ ევრო 2020-ის ბომბარდირს მოლაპარაკება ჰქონდა პსჟ-ს სპორტულ დირექტორთან და თითქოს დიდი იყო ალბათობა, რომ პორტუგალიელს ბრწყინვალე კარიერა პარიზულ გრანდში გაეგრძელებინა.
კრიშტიანო რონალდო „იუვენტუსში“ 2018 წლიდან ასპარეზობს. იტალიის ჩემპიონატის ბოლო სეზონში ტურინელთა სუპერვარსკვლავი სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატშიც ბომბარდირობა არავის დაუთმო, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალია ტურნირს მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.
კრიშტიანო რონალდოს „იუვენტუსთან“ ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.