ბრაზილიის ნაკრებისა და ‘რეალ მადრიდის’ ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდომ ესპანურ გამოცემა ‘ასს’ (As) ინტერვიუ მისცა და ‘რეალსა’ და ‘ბაიერნს’ შორის დღევანდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ სტადიონზე არ იჯდება, რადგან იცის, რომ ზედმეტად ინერვიულებს.
‘სახლში ვუყურებ, რადგან იქ თავს უკეთ გავაკონტროლებ. ‘ბაიერნი’ ძალიან ძლიერი გუნდია და დაპირისპირების შედეგი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. გერმანელთა ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია ‘რეალს’ პრობლემები შეუქმნას. ძალიან რთული თამაში იქნება’, – აცხადებს რონალდო.
ბრაზილიელმა სხვა თემებზეც ისაუბრა, მათ შორის თავის თანამემამულე ნეიმარსა და ანდრეს ინიესტაზე.
კერძოდ, მისი აზრით, ნეიმარი ‘რეალში’ მარტივად ვერ გადავა, რადგან პარიზულ გუნდს ის ახალი შეძენილი ჰყავს და ასე ადვილად არ დათმობს.
ინიესტას შესახებ კი რონალდომ აღნიშნა, რომ ის ყველა დროის საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელია.
‘ინიესტა ნამდვილად იმსახურებს ‘ოქროს ბურთს’, მაგრამ არა მგონია, რომ ეს ჯილდო მას რამეში სჭირდებოდეს. მე მას უკვე მივწერე და ვუთხარი, რომ ის ყველა დროის საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელია. არ მახსენდება არც ერთი სხვა ესპანელი, ვისაც ასეთი ხარისხის ფეხბურთის თამაში შეეძლო’, – განაცხადა რონალდომ.