რონალდო: „ნეიმარისგან ყველანი მეტს ველოდით“
რონალდო: „ნეიმარისგან ყველანი მეტს ველოდით“

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდო ნაზარიო დე ლიმამ, ნეიმარის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მან მუნდიალზე მომხდარიდან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანოს.

„ყველანი მეტს ველოდით. არ ვიცი, შესაძლოა, ფეხზე ოპერაციის გადატანის გამო მოხდა, შეიძლება, სხვა რამის გამო, მაგრამ ნაკრების ლიდერმა მოლოდინი ნამდვილად ვერ გაამართლა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მოედანზე მისი შესაძლებლობები შეზღუდული იყო და ეს გასაგებიცაა. ოპერაციას რომ გადაიტან და სამი თვე პაუზა გექნება, რთულია ჩახვიდე მსოფლიოს ჩემპიონატზე და ისე ითამაშო, თითქოს არაფერი მომხდარა. არა უშავს, ჯერ ახალგაზრდაა და ბევრ რამეს ისწავლის“, – ამბობს რონალდო.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები მიმდინარე მუნდიალს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, ნეიმარი კი გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების მხრიდან სერიოზული კრიტიკის ობიექტი გახდა. ფეხბურთელი იმის გამოც გააკრიტიკეს, რომ ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებულად რეაგირებდა დარღვევებზე, რომლებიც მის წინააღმდეგ ხდებოდა. რონალდომ ამის შესახებაც ისაუბრა.

„ხუთი წლის წინ ვკითხე ამის შესახებ და მითხრა, როდესაც ფეხში მირტყამენ, იძულებული ვარ, ასე მოვიქცე, უარესად რომ არ ჩამარტყანო. ჩემთვის ეს სავსებით გასაგებია. მეც მირტყამდნენ ფეხებში და უსამართლობის გრძნობა მეუფლებოდა, მსაჯი როდესაც ვერაფერს ამჩნევდა“, – ამბობს რონალდო.