პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ, შესაძლოა, დატოვოს „იუვენტუსი“ მომავალ ზაფხულს და დაბრუნდეს „მანჩესტერ იუნაიტედში“. ამის შესახებ ცნობილმა ჟურნალისტმა ედუარდო ინდამ განაცხადა ესპანურ ტელეარხ „ლა სექსტას“ ეთერში.
„კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, ამ სეზონის დასრულების შემდეგ წავიდეს „იუვენტუსიდან“. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლუბი ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. ის ტურინში მივიდა იმის გამო, რომ ეს ტურნირი მესამე კლუბთან ერთად მოეგო, მაგრამ ეს რთული ამოცანა აღმოჩნდა. „იუვენტუსს“ სურს პოგბასა და მბაპეს გაფორმება. ვფიქრობ, მათთვის რთული იქნება ამგვარი ტრანსფერების განხორციელება, რადგან ფინანსური ფეარ პლეის წესს დაარღვევენ. თუ მათ ამ ფეხბურთელების შეძენა სურთ, მოუწევთ რონალდოს გაშვება. ასე რომ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარიანტი ძალიან რეალურია“, – თქვა ინდამ.
ამ სეზონში რონალდომ ექვსი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა „იუვენტუსში“ ჩატარებულ 14 მატჩში. პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2003-09 წლებში თამაშობდა.