კრიშტიანო რონალდო უცნობი ამერიკელი ქალის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ბრალდებას პასუხობს და მას ცილისწამებას უწოდებს. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ ადამიანებს საკუთარი თავის დამკვიდრება მისი სახელის ხარჯზე სურთ, რაც, „კაცმა რომ თქვას, სულაც არ არის გასაკვირი“.
ამასთანავე, რონალდოს ადვოკატები აპირებენ სარჩელი შეიტანონ გერმანულ ჟურნალ „შპიგელის“ წინააღმდეგ, რომელმაც „პირველმა გაავრცელა ყალბი ინფორმაცია“ ფეხბურთელის შესახებ. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ 34 წლის კეტლინ მაიორგა რონალდოს გაუპატიურებაში სდებდა ბრალს და რომ თითქოს ინციდენტი 2009 წელს, ლას-ვეგასში მოხდა.
გარდა ამისა, მაიორგას თქმით, 2010 წელს მან ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია და მისგან 375 000 ამერიკული დოლარი მიიღო, სანაცვლოდ კი პირობა დადო, რომ ამბავს არასოდეს გაასაჯაროებდა.