მას შემდეგ, რაც ფიფა-მ საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მაძიებელთა საბოლოო სიაში არ შეიყვანა ლიონელ მესი, არგენტინელს მისმა კლუბმა, „ბარსელონამ“ და ყოფილმა თანაგუნდელმა რონალდინიომ დაუჭირეს მხარი.
„ბარსელონას“ ოფიციალურ „ტვიტერზე“ გაჩნდა პოსტი: „ბარსელონას“ გულშემატკივრებისთვის კითხვის ნიშანი არ არსებობს. მესი საუკეთესოა. წერტილი“.
„ბარსელონას“ ლეგენდამ, რონალდინიომ მოუწოდა კატალონიურ კლუბს – ხმარებიდან ამოიღოს მეათე ნომერი, რომლითაც მესი მთელი კარიერის განმავლოაბაში თამაშობს.
„ვფიქრობ, როცა მესი კარიერას დაასრულებს, კლუბმა უნდა ამოიღოს ხმარებიდან მეათე ნომერი, რათა ვერავინ შეძლოს მასთან შეხება. ის საუკეთესო ფეხბურთელია „ბარსელონას“ ისტორიაში. ყველას, ვისაც უყვარს ფეხბურთი, სურს, რომ ის დიდხანს დარჩეს მინდორზე. ეჭვგარეშეა, მესი ერთ-ერთი უდიადესი ფეხბურთელია ისტორიაში“, – განაცხადა რონალდინიომ.
მესის ხუთჯერ აქვს მოგებული „ოქროს ბურთი“. ის 2006 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა ფიფა-ს ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის პრეტენდენტთა საფინალო სიაში. წელს ნომინანტები არიან: კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა მოდრიჩი და მოჰამედ სალაჰი.