რონალდ კუმანის აზრით, „ბარსელონა“ ზამთარში ახალი ფეხბურთელებით უნდა გაძლიერდეს
რონალდ კუმანის აზრით, „ბარსელონა“ ზამთარში ახალი ფეხბურთელებით უნდა გაძლიერდეს

კატალონიელების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ზამთარში გუნდმა ტრანსფერები უნდა განახორციელოს.

„მოკლევადიანი მომავლისთვის ფეხბურთელების დამატება აუცილებელია. ჩვენ შემადგენლობის გაძლიერება გვსურს და ვფიქრობ, სხვადასხვა პოზიციებზე კონკურენციისა და ეფექტიანობის გაზრდაა საჭირო. მიუხედავად ამისა, ისიც გვესმის, თუ რა მდგომარეობაშია კლუბი და თუ ეს შეუძლებელი იქნება, მაშინ შემდეგ წელს დაველოდებით“, – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

„ბარსელონაში“ პანდემიის გამო სერიოზული ფინანსური პროპლემებია. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ცოტა ხნის წინ კლუბი „უესკასთან“ სათამაშოდ ავტობუსით გაემგზავრა, მიზეზი კი თანხის დაზოგვა იყო.

მიუხედავად სეზონის ცუდი სტარტისა, კატალონიელები ბოლო დროს ცუდად არ გამოიყურებიან, რისი უდიდესი წვლილიც, რა თქმა უნდა, ლიონელ მესის ეკუთვნის. წინა ტურში „ბილბაოს“ წინააღმდეგ, სადაც „ბარსამ“ 3:2 გაიმარჯვა, არგენტინელმა ფეხბურთელმა 2 გოლის გატანა მოახერხა. კუმანმა პრესკონფერენციაზე მესის შესახებაც ისაუბრა.

„მესის, ისევე როგორც მე, გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. წინა შეხვედრაში ის მოგებაში ძალიან დაგვეხმარა. მისთვის ჩვეულებრივი ამბავია მატჩში 3 გოლის გატანა“, – აღნიშნმა რონალდ კუმანმა.

„ბარსელონა“ ლა ლიგის შემდეგ შეხვედრას, 9 იანვარს „გრანადას“ წინააღმდეგ გამართავს. გუნდი 7 ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ „ატლეტიკოს“, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.