ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC), პოლონეთის ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს და 2023 წლის III ევროპული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელთა რომში გამართულ შეხვედრაზე თამაშების წინასწარი პროგრამა დაამტკიცეს. ევროპული თამაშები კრაკოვსა და მალოპოლსკის სავოევოდოში უნდა გაიმართოს.
2023 წლის ევროპული თამაშების წინასწარ პროგრამაში შევიდა მშვილდოსნობა, სინქრონული ცურვა, ბადმინტონი, 3X3-ზე კალათბურთი, პლაჟის ხელბურთი, კაიაკი და კანოე (სლალომი და სპრინტი), ველოსპორტი(მაუნთინბაიკი და საგზატკეცილო რბოლა), ფარიკაობა, ტანვარჯიში, ძიუდო, კარატე, თანამედროვე ხუთჭიდი, სამთო რბენა, 7-კაცა რაგბი, ტყვიის სროლა, ხელოვნურსაფარიანი ტრამპლინიდან ხტომა, მეკლდეურობა, მაგიდის ჩოგბურთი, ტრიატლონი, ფრენბურთი (პლაჟის და კლასიკური), ჭიდაობა, ძალოსნობა, ბრეიკდანსი.
III ევროპული თამაშების საბოლოო საასპარეზო პროგრამა ევროპის და საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან მოლაპარაკებების შემდეგ დამტკიცდება. ასევე მოსალოდნელია, რომ კრაკოვში და მალოპოლსკის სავოევოდოში სპორტის უმეტეს სახეობებში ასევე გათამაშდება ევროპის ჩემპიონატის მედლები და 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურები.
„ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ვმუშაობდით როგორც ერთი გუნდი. სახელმძღვანელო რუკის გათვალისწინებით, კონკრეტულ შედეგებს მივაღწიეთ. გვახარებს საქმისადმი თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის მიდგომა. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას,“ – განაცხადა EOC-ის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ნილს ნიუგარდმა.