რომში კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რომში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობაში სდებენ ბრალს. იტალიური მედიის ინფორმაციით, 44 წლის ჯონი კ. კარაბინიერებმა იტალიის დედაქალაქში 6 ოქტომბერს აიყვანეს.
იტალიური მედიის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯონი კ.-ს ხელმძღვანელობით მოქმედმა ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა 2015-2017 წლებში 85 ბინა გაქურდა. სამართალდამცველების თქმით, ჯონი კ. ე.წ. ქუთაისის კლანის წევრია. პოლიციის ინფორმაციით, დაპატიმრებულის მიერ კონტროლირებადი ჯგუფები იტალიის სხვადასხვა ქალაქებში მოქმედებდნენ, მათ შორის, სავონაში, ალესანდრიასა და ტურინში.
აღნიშნული საქმის ფარგლებში, 2017 წელს დააკავეს 28 პირი, რომელთაგან ყველა ქართველი იყო. გამოძიება ვარაუდობს, რომ დაჯგუფების წევრებმა იტალიის გარდა ბინები ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაქურდეს.