რომის „ლაციომ“ „მეცს“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერისთვის მიმართა #1TVSPORT
იტალიურმა კლუბმა, „ლაციომ“ ქართველი ტალანტის, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე „მეცს“ ოფიციალური შეთავაზებით მიმართა, – ინფორმაციას thelaziali ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რომაელები ჩირო იმობილეს შემცვლელს ეძებენ. ასევე, ფელიპე კაისედოსა და ვედატ მურიკის „ლაციოდან“ წასვლის შემდეგ ფორვარდის როლი გუნდში ვაკანტური დარჩა.
„ლაციო“ აქამდე მუშაობდა ბრაზილიური „სანტოსის“ თავდამსხმელის, მარკოს ლეონარდოს ტრანსფერზე, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში მხარეებს შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.
ჯანლუკა დი მარციოს თქმითაც, „ბიანკოჩელესტი“ იმობილეს შემცვლელად მიქაუტაძეს კარგ ვარიანტად თვლის. 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითიც თავის გუნდს ლიგა 1-ში დაწინაურებაში დაეხმარა.
შეთავაზებული ფასისა და სატრანსფერო ფორმულის შესახებ დეტალები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ სიახლეები უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ქართველის კონტრაქტი „მეცთან“ 2026 წლის ივნისამდეა გათვლილი.